Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2021

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი აცხადებს კონკურსს „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2021-ის“ მონაწილეთა შესარჩევად.

„ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლის“ მიზანია ქართველოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი კადრის მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება, პროფესიულ უნართა განვითარება და ამაღლება. 

მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2021“ ჩატარდება შეცვლილი ფორმატით: სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომები უნდა წარმოადგინონ ქართველოლოგიის მხოლოდ ერთი დარგის – ქართული ლიტერატურის, კერძოდ, ძველი ქართული ლიტერატურის, მიმართულებით. შეზღუდული შესაძლებლობის გამო „ზამთრის სკოლის“ საორგანიზაციო ჯგუფი მიმდინარე წელს მიზნად ისახავს ქართველოლოგიური პრობლემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებას მხოლოდ ამ მიმართულებით (რაც შეესაბამება ქართველოლოგიური მიმართულებით საუნივერსიტეტო სწავლების პირველი და მეორე კურსის სასწავლო პროგრამებს). 

შესაბამისად, განსხვავებული იქნება სეზონურ სკოლაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევის არეალიც – კონკურსანტებმა კონკურსზე ძველი ქართული ლიტერატურის მიმართულებით შესრულებული ნაშრომები უნდა წარმოადგინონ.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება: პირველ ეტაპზე გამოცხადდება ნაშრომების კონკურსი, რომლის უმთავრესი ამოცანა იქნება ძველი ქართული ლიტერატურის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათ შორის პროექტის მონაწილეთა შერჩევა. წარმოდგენილი ნაშრომებისაგან სათანადო რეცენზირების შედეგად გამოვლინდება ათიოდე ნაშრომი, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე ონლაინ ფლატფორმის საშუალებით ავტორთა მიერ მოხსენების სახით იქნება წარდგენილი და განხილული. მათგან რამდენიმე საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემა გერმანელი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემია და სერტიფიკატი. ყველა წარმოდგენილი ნაშრომის ავტორს დაეგზავნება რეცენზენტთა შენიშვნები და რჩევები.

საკონკურსო ნაშრომი უნდა იყოს ინფორმაციულ-სამეცნიერო, ან მიმოხილვითი ხასიათის (არა უმეტეს 6 ნაბეჭდი გვერდისა: შრიფტი – sylfaen, ზომა – 12, სტრიქონებს შორის დაშორება – 1).  

საკონკურსო ნაშრომები უნდა იქნას წარმოდგენილი არა უგვიანეს 10 თებერვლისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zamtrisskola@gmail.com

„ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა – 2021-ის“ ჩატარების თარიღია 2021 წლის 1-2 მარტი. 

გისურვებთ წარმატებას! 

 

სრული ინფორმაცია „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლის“ შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ Facebook გვერდზე - https://www.facebook.com/ზამთრის-საერთაშორისო-ქართველოლოგიური-სკოლა-IWS-in-Georgian-Studies-910905642291135 

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 

ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი